საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრება, ამბობს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი იმაზე ცუდია, რაც დღეს არსებობს. ჟურნალისტებთან საუბრისას იგი განმარტავს, რომ კომისიის წევრები მხოლოდ პროფესიული ნიშნით არ უნდა შეირჩნენ.
"მთავარი პრობლემა, რაც რჩება, ესაა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც კიდევ უფრო ცუდია, რაც გვაქვს. ანუ ის, რაც არის შემოთავაზებული, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეირჩნენ საარჩევნო კომისიის წევრები სამივე დონეზე, ვფიქრობ, რომ არის მაღალი რისკის მატარებელი, რომ ერთი პარტიის გავლენით დაკომპლექტდეს კომისიის წევრები", - ამბობს ლევან ნატროშვილი და ამატებს, რომ მათ წარადგინეს ამ რისკების დაზღვევის მექანიზმი, რაც პროექტში არ არის ჩადებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ვახუშტი მენაბდის შეფასებით, სამოქალაქო სექტორი საარჩევნო რეფორმის უფრო "ამბიციურ პროექტს ელოდებოდა". პროექტის გაცნობის შემდეგ, მენაბდე ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანად, ისევ ძალაში რჩება მათი რეკომენდაციები.
ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.
ასევე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის თითის ანაბეჭდით მიცემის საშუალებას იძლევა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომდაგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, ის ცვლილებები, რაც მემორანდუმით არის გათვალსიწინებული, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საარჩენო კომისიების დაკომპლექტების წესი ძირეულად შეიცვლება და ის კვლავ ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდება.
"ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იმ ჩანაწერებით, რაც ახლა არის მემორანდუმში, ვერ ვხედავთ, რომ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. არსებობს რისკები, რომ კვლავ დარჩეს საარჩენო კომისიები ერთი პარტიის გავლების ქვეშ. იმ ვარიანტით, რაც არის წარმოდგენილი, პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრები კვლავ მმართველი პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით იქნებიან შეჩეულები". - ამბობს ლევან ნატროშვილი.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თანხმდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების განცხადებითაც მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მანდატების გაუქმება არ მოუთხოვია გირჩის განაყოფს - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი პარლამენტშიც შევიდნენ, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების დაპირების სანაცვლოდ. ასევე, პარლამენტში არიან პატრიოტთა ალიანსის სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დააარსეს.